საინფორმაციო შეხვედრა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოს წევრებსა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე აქტივობები დეტალურად გააცნეს.

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, განიხილეს მიწის სისტემური რეგისტრაციის დაგეგმილი აქტივობები. რეფორმის ფარგლებში მომდევნო თვეებში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი ყველა სოფელი აიზომება.

სამუშაო შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ბოხაშვილი და სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

2022 წლიდან დღემდე აზომილია 696 910 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 556 181 მიწის ნაკვეთზე.

პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო.

შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა). ასევე განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule