უზბეკეთის დელეგაცია სააგენტოში

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზბეკეთის დელეგაციას სერვისების გაცემის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმების შესახებ გამოცდილებას უზიარებს

ვიზიტი საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ორგანიზებით დაიგეგმა. UNDP მიიჩნევს, რომ სერვისების გაცემის ქართული მოდელი საჭირო და სასარგებლო გამოცდილება იქნება უზბეკეთისათვის საჯარო ადმინისტრირების განვითარების გზაზე.

საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში სწრაფი, ეფექტური და მომხმარებელზე მორგებული სახელმწიფო სერვისებით, რასაც არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს. სწორედ ამიტომ გაერო-ს განვითარების პროგრამამ მიიღო გადაწყვეტილება 2026 წელს გაერო-ს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის თბილისში ჩატარების შესახებ. საკითხი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ლი ჯუნჰუასმა შეხვედრაზე განიხილეს, გადაწყვეტილების შესახებ ქართულ მხარეს ცოტა ხნის წინ ეცნობა.

ვიზიტის ფარგლებში უზბეკეთის დელეგაციის წევრებმა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სერვისების გამცემი უწყებები მოინახულეს: იუსტიციის სახლი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და ციფრული მმართველობის სააგენტო.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა უზბეკეთის დელეგაციას ბიზნესის რეგისტრაციის, კადასტრის, მონაცემების არქივირებისა და დიგიტალიზაციის მიმართულებით სააგენტოს საქმიანობის შედეგები გააცნეს.

დელეგაციის წევრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ელექტრონულ პროგრამებთან დაკავშირებით სააგენტოს გამოცდილებითა და პრაქტიკული მიღწევებით. საუბარი შეეხო სააგენტოს ინოვაციურ გადაწყვეტილებას, სმარტ კონტრაქტებს, ელექტრონული ოქმის აპლიკაციას.

სამუშაო შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ცოდნის გაზიარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.