საინფორმაციო შეხვედრა გორში

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, გორში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

23 თებერვალს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში განიხილეს რეფორმის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები.

სამუშაო შეხვედრას სააგენტოს თავმჯდომარე - დავით დევიძე, სააგენტოს წარმომადგენლები, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გორის მუნიციპალიტეტში მომდევნო თვეებში სრულად აიზომება ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლები.

„იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები აქტიურ საველე-საამზომველო სამუშაოებს ახორციელებენ გორის მუნიციპალიტეტში. დღეს მდგომარეობით აზომილია 34 ათასზე მეტი მიწის ნაკვეთი. ტემპი არის საკმაოდ მაღალი. მოსახლეობა არის აქტიურად ჩართული პროცესში.

დღეს გაიმართა შეხვედრა შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან - ბატონ მიხეილ შაყულაშვილთან და მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში. სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აქტიური საამზომველო სამუშაოები ჩატარდება, ასევე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და მოსახლეობა მიიღებს სრულიად უფასო სერვისს როგორც აზომვის, ისე რეგისტრაციის. ეს არის ძალიან მარტივი პროცედურა და ორიენტირებული მოქალაქის ინტერესზე, რათა მოახერხონ ყველა ის მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირონ, რაც მათ მფლობელობაში გააჩნიათ“ - აღნიშნა დავით დევიძემ.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

2022 წლიდან დღემდე აიზომა 823 786 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 629 499 მიწის ნაკვეთზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო.