EBRA

2024 წელს ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის (EBRA) ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით 2024 წლის 12-13 ივნისს, თბილისში, EBRA-ს გენერალური ასამბლეა და ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის წევრი ქვეყნებისა და ორგანიზაციების 150-ზე მეტი დელეგატი.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სამუშაო ვიზიტით ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის (EBRA) დელეგაციას უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დაგეგმილი კონფერენციის დეტალები - ინფორმაცია კონფერენციის ძირითადი პროგრამის, სოციალური ღონისძიებების, კონფერენციის ვებგვერდისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების შესახებ.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - დავით დევიძე, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ასევე, ევროპის ბიზნეს რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის (EBRA) მმართველი საბჭოს წევრი - მარკო ვიანელო, EBRA-ის ძირითადი გუნდის წევრი, მდივანი - კიარა გაფური.

ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაზე საქართველო წარადგენს ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით არსებულ მიღწევებს - გამარტივებულ პროცედურებს, რომლებიც დაფუძნებულია ელექტრონულ სერვისებზე.

ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაცია (EBRA) ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ქვეყნების 42 რეესტრს აერთიანებს და მიზნად ისახავს ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობას.

საქართველოში ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად მიღებულმა "მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის იმპლემენტაციამ და სარეგისტრაციო პრაქტიკამ განსაკუთრებული დაინტერესება დაიმსახურა. შედეგად, 2024 წლის ევროპის ბიზნეს რეესტრების ასოციაციის ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს.