გაეროს კომიტეტის მე-12 სესია

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დელეგაციამ გაეროს გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ქალაქ ნიუ იორკში გამართულ გაეროს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN GGIM) მე-12 სესიაში.

საჯარო რეესტრი, საქართველოს სახელით, აღნიშნული კომიტეტის წევრია როგორც გეოინფორმაციული სფეროს პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელი უწყება ქვეყანაში.

მიმდინარე სესიის განმავლობაში საქართველოს დელეგაციას შესაძლებლობა ქონდა ქვეყანაში განხორციელებული პროექტები და გადადგმული ნაბიჯები გაეცნო გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისა და დამსწრე ექსპერტებისათვის, ხოლო მათგან მოესმინა სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების შესახებ.

საჯარო რეესტრი მიწის სისტემური რეგისტრაციისა და სოფლების დამისამართების რეფორმებს ახორციელებს, რომლებშიც გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სისტემებს მნიშვნელოვანი როლი აქვს, შესაბამისად სესიაზე მიღებული გამოცდილება ხელს შეუწყობს ორივე რეფორმის კიდევ უფრო წარმატებით განხორციელებას.

სესიაზე საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებმა გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სამართლებრივ და სტრატეგიულ საკითხებსა და მონაცემების სტანდარტებზეც იმსჯელეს.

სესიაში მონაწილეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია როგორც მსოფლიოში წამყვან დარგობრივ უწყებებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ასევე, ახალი პროექტების მოსაზიდად.