homeპორტალებიამბების ოთახიახალი ამბები
ახალი ამბები
10.11.2014
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ორ ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა.
მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს VII ყოველწლიურ რეგიონულ ღონისძიებაზე - GITI 2014, „საუკეთესო მომავლის პროექტისა“ და „საუკეთესო ონლაინ რესურსისთვის“ ჯილდო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. 

აღსანიშნავია, რომ სააგენტო კონკურსში, რომელიც GITI-ს ტრადიციულად ახლავს, მუდმივად მაღალ შედეგებს აჩვენებს. შვიდი წლის განმავლობაში სააგენტო მთავარი პრიზის „წლის საუკეთესო IT სააგენტოს“ ჯილდოს მფლობელი სამჯერ გახდა. სხვადასხვა დროს კი გამარჯვებულად შემდეგ ნომინაციებში დასახელდა: "ყველაზე წარმატებული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილება", "საუკეთესო IT მენეჯმენტი", "ინფორმაციული უსაფრთხოების საუკეთესო მენეჯმენტი", „წარმატებული IT პროექტები“, „ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ელექტრონული სერვისები", "საუკეთესო IT ინოვაციები ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციისთვის" და სხვა. 

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საჯარო რეესტრის IT გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა ქვეყანაში. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა ეს ჯილდოები. ამ გამარჯვებებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სააგენტო განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა. ბოლო წლებში ჩვენმა IT გუნდმა ელექტრონული მმართველობის გაუმჯობესების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. შესაბამისად, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია კონკურსებში მონაწილეობა და მით უმეტეს, გამარჯვება“ - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ. 

წელს GITI-ს ტრადიციულ კონკურსზე 15 ნომინაციაში საჯარო და კერძო სექტორის 50-მდე პროექტი იყო წარდგენილი. 

საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების VII რეგიონული კონფერენცია - GITI 2014 6-7 ნოემბერს გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მონაცემთა გაცვლის სააგენტო და ICT ბიზნეს საბჭოს იყვნენ. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემები კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებები იყო. ღონისძიებაში 20-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და რეგიონში ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებს, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტებს, ასევე ამ პროექტებში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესს.
Pro-Service