homeპორტალებიამბების ოთახიახალი ამბები
ახალი ამბები
10.11.2014
რეგისტრატორებს ტრენინგები უტარდებათ
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრატორებისა და მიმღები ოპერატორების ტრენინგები მიმდინარეობს. სასწავლო კურსი მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება და ის ორ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე მსმენელები თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას სარეგისტრაციო წარმოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართულებებით იღრმავებენ.

სასწავლო კურსის მეორე ეტაპი კი პრაქტიკაში არსებული პრობლემური შემთხვევების დეტალურ ანალიზსა და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობის საკითხების განხილვას მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროცესში ეტაპობრივად სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების წერის ახალი სტილიც ინერგება, რაც ამ გადაწყვეტილებებს მოქალაქისათვის გასაგებს და მარტივად აღსაქმელს ხდის. 
წერის ახალ სტილთან დაკავშირებით სააგენტოს იურიდიულმა დეპარტამენტმა გადაწყვეტილებების შაბლონური ფორმებიც შეიმუშავა. უახლოეს მომავალში სარეგისტრაციო სამსახურების ყველა გადაწყვეტილება სწორედ ამ ფორმებით იქნება მიღებული.
სასწავლო კურსის დროს შეძენილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ხელს შეუწყობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრატორებისა და მიმღები ოპერატორების სამსახურეობრივი საქმიანობის ეფექტურობისა და მოქალაქეთა კმაყოფილების ამაღლებას.
სარეგისტრაციო წარმოების სამართლებრივ საფუძვლებში ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტისა და იმერეთის, სამეგრელოს, რაჭის, ზემო და ქვემო სვანეთის თანამშრომლებს. ეტაპობრივად სასწავლო კურსს ყველა თანამშრომელი გაივლის.

Pro-Service